„იპოვე შენი ელემენტი" -ამ მეტაფორით გამოხატავს შემოქმედებითი აზროვნების ცნობილი მკვლევარი სერ კენ რობინსონი საკუთარ თავში იმ ნიჭის აღმოჩენას, რომლის რეალიზება გვაბედნიერებს და ცხოვრებას რუტინის ნაცვლად აღმაფრენად გვიქცევს.
არავინ იცის, ეს ნიჭი რომელ სიღრმეში აქვს გადამალული ადამიანს. სასკოლო განათლების მიზანი ბავშვებში სწორედ ამ ტალანტის აღმოჩენა უნდა იყოს. არადა ხშირად პირიქით ხდება: სკოლა ახშობს ნიჭს... 2006 წელს კენ რობინსონმა თამამი და ხმამაღალი განცხადება გააკეთა: „სკოლა კლავს შემოქმედებითობას".
„იპოვე შენი ელემენტი" - რობინსონის ეს ფრაზა დაახლოებით ისევე ჟღერს, როგორც „იპოვე შენი სიყვარული". ადამიანს ხომ ერთი, განსაკუთრებული უყვარდება. ნიჭიც ასეა: ყოველ ჩვენგანს სხვადასხვა აქვს; მთავარია, მასწავლებელმა შეძლოს და ეს განსაკუთრებული „ელემენტი" აპოვნინოს მოსწავლეს.
ყოველთვის მაწუხებდა კითხვა, რატომ ასოცირდება სწავლა-განათლება ტანჯვა-წამებასთან, ძალადობასთან, როცა ცოდნასთან ზიარება ზეიმი უნდა იყოს... იქნებ თქვენ გქონდეთ პასუხი, ჩემო მკითხველო - სკოლა ხომ თქვენც დაამთავრეთ...
დაძლიე სტერეოტიპები
გავიხსენოთ სტერეოტიპები, რომლებიც სასკოლო განათლებაში ფილტრებივით მუშაობს და ცოდნის მიმღებს თითქოს ართმევს სიხარულის უფლებას... მთავარი რამ, რაც ამ დროს მახსენდება, არის დავით გურამიშვილის: „ნუ გენაღვლების სწავლაზე ყრმის წკეპლის ცემით კივილი, მალ გამრთელდების უწამლოდ მისი წყლულების ტკივილი", და კიდევ - „სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების". გიფიქრიათ, იმ „კენწეროს" როდის მივაღწევთ? - ვერც ვერასოდეს, რადგან გვაქვს სხვა სტერეოტიპიც: „სწავლა სიბერემდეო"... აი, ასეთ გაუგებრობაში ვცხოვრობთ.
მოკლედ, „სწავლის ტკბილი კენწერო" სიბერის შემდეგ, სავარაუდოდ, სამოთხეში უნდა ვეძებოთ. როცა მხატვრულ ნაწარმოებს ანალიტიკურად განსჯი, ამგვარი აზრები არ არის „საშიში", მაგრამ როცა ისინი კულტურაში აღზრდა-განათლების ქვაკუთხედად იქცევა, დამაფიქრებელია.
მე მხიბლავს იმგვარი განათლების სისტემა, რომელშიც სწავლება პროცესზე იქნება ორიენტირებული და არა შედეგზე (და რომელსაც, სავარაუდოდ, ვერ მოვესწრები). ჩვენი მოსწავლეები იმაზე უფრო მეტს ფიქრობენ, რამდენ ქულას მოაგროვებენ სემესტრის ბოლოს, ვიდრე იმაზე, რომ მთელი არსებით ჩაერთონ სწავლის პროცესში.
ბუნებრივია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შედეგს მნიშვნელობა არ აქვს და ის დადგება კიდეც; მთავარია, მოსწავლე ამ დამოკიდებულებისგან გაათავისუფლო - ამ დროს ის სრულიად განსხვავებული ხდება, უფრო შემოქმედებითი, მეტს ფიქრობს, მეტს კითხულობს და სწავლებისას მასთან ურთიერთობა ორმხრივად საინტერესოა.
სტერეოტიპები ცნობიერებას მორგებული ის ფილტრებია, რომლებიც თვალთახედვას ზღუდავს და სამყაროს შეზღუდულ რეალობად წარმოაჩენს. საჭიროა ამ სტერეოტიპების დაძლევა, განსხვავებული ხედვა. ჩვენ ხომ რაღაცის დაჟინებით მტკიცება გვჩვევია; გვგონია, ეს რაღაც მხოლოდ ასეა ან ისე და სხვაგვარად წარმოუდგენელია... სინამდვილეში (იმ სინამდვილეშიც კი, რომელიც ყველასთვის განსხვავებულია) ყველაფერი შეიძლება იყოს სხვაგვარადაც; უბრალოდ, ჩვენი აღზრდა, განათლება, რელიგია, ჩვევები და ტრადიცია გვიქმნის ყალიბს, რომელში არსებობაც სიკვდილის ტოლფასია. ჰოდა, ან იცხოვრებ ცოცხალ-მკვდარი, ან გადაწყვეტ, რომ ჯობია, ცოცხალი იყო და დაძლიო სტერეოტიპები და ის ცრუ შიშები, რომლებიც ბუდობს ჩვენში სტერეოტიპების წყალობით.
ასე რომ, ჯერ მასწავლებლები უნდა გათავისუფლდნენ კულტურისგან თავს მოხვეული ტრაფარეტული აზრებისგან, რათა შეძლონ მოსწავლეებში თავისუფალი აზროვნების განვითარება და ტალანტების აღმოჩენა.
ამრიგად, მე შემოქმედებითი განათლების მხარეს ვარ. ეს რთული გზაა, მაგრამ ამ გზაზე ცოცხალი ხარ და არა სტანდარტული, მოსაწყენი მასწავლებელი. განსაკუთრებით ეხება ეს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს.
რატომ ყვირიან მასწავლებლები?
არცთუ იშვიათად მინახავს მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეს უყვირის (პირიქითაც მინახავს) იმიტომ, რომ მან არ შეასრულა დავალება, არ ისწავლა გაკვეთილი, დაარღვია წესრიგი...
- რატომ ყვირიან ადამიანები? - ჰკითხა ერთხელ ოსტატმა შეგირდებს.
-იმიტომ, რომ სიმშვიდეს კარგავენ, - მიუგეს მათ.
- კი მაგრამ, რა აყვირებთ, როცა მეორე ადამიანი მათ გვერდითაა? არ შეიძლება, მშვიდად ესაუბრონ?
შეგირდებმა ხან რა უთხრეს ოსტატს, ხან - რა... ბოლოს ოსტატმა აუხსნა: როცა ადამიანები უკმაყოფილოები არიან ერთმანეთით და კამათობენ, მათი გულები შორეულდება. რაც მეტად ცხარობენ, გულებიც უფრო მეტად შორდება ერთმანეთს. სწორედ ამ სივრცის ამოსავსებად ყვირიან... მათ აღარ ესმით ერთმანეთის...
და რა ხდება, როცა ადამიანებს უყვართ ერთმანეთი? - ისინი ჩურჩულებენ... ხოლო თუ უფრო მეტად უყვართ, ჩურჩულიც კი აღარ არის საჭირო, რადგან მათი გულები ერთად არიან და მათ უსიტყვოდ ესმით ერთმანეთის.
რატომღა ყვირიან მასწავლებლები? და რა მანძილია მასწავლებლისა და მოსწავლის გულებს შორის?
პასუხის პოვნა თქვენთვის მომინდვია.
როგორ გამოიყურება ღმერთი
საერთოდ, რისთვის სწავლობს ადამიანი, რისთვის „იტანჯავს" თავს, რა აქვს მიზნად? ცოდნა უნდა იქცეს ერთგვარ ნავიგატორად, რომელიც თქვენს სულს დაუბრკოლებელ გზაზე ატარებს, შეაცნობინებს საკუთარ თავს და საკუთარ როლს ამ სამყაროში. ეს მიზანი ფონად მუდამ უნდა არსებობდეს, მუდამ უნდა ახსოვდეთ აღმზრდელსაც და აღსაზრდელსაც. სხვაგვარად ის დარჩება ინფორმაციად, რომელიც არ იქცა ქმედებად, არ განხორციელდა.
ხომ გახსოვთ: „არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს, ფილოსოფოსთა ბრძნობისა". მხოლოდ ადამიანის შემოქმედებით რეალიზებას მოაქვს ბედნიერება და აღმაფრენა.
ისევ სერ კენ რობინსონის ერთ საინტერესო მონათხრობს გავიხსენებ იმის თაობაზე, რომ ბავშვები უფრო მეტად არიან სავსენი რწმენით, თავდაჯერებით, ოცნებით, ვიდრე მოზარდები და კიდევ უფრო მეტად, ვიდრე დიდები:
დაწყებით კლასში ხატვის გაკვეთილია. ბოლო მერხზე ზის გოგონა, რომელიც გაკვეთილებზე აქტიურობით არ გამოირჩეოდა, მაგრამ არა ხატვის გაკვეთილზე. გოგონა ოცი წუთის განმავლობაში თავდავიწყებით ხატავდა.
დაინტერესებულმა მასწავლებელმა ვეღარ მოითმინა და ჰკითხა, რას ხატავო. გოგონას თავი არ აუწევია, ისე უპასუხა: „ღმერთს". განცვიფრებულმა მასწავლებელმა უთხრა: „კი მაგრამ, განა ვინმემ იცის, როგორ გამოიყურება ღმერთი?" გოგონამ კი უპასუხა: „მალე გაიგებენ".
თუ არ შემატებთ ამ გოგონას რწმენას რაიმეს, იქნებ არ მოუკლათ მაინც ღმერთი, რომელსაც ხატავს...
|
Комментариев нет:
Отправить комментарий