ზეპირმეტყველების განსავითარებელი სავარჯიშოები
თარიღი: 18 დეკემბერი 2014
ავტორი: მაია ინასარიძე
თარიღი: 18 დეკემბერი 2014
ავტორი: მაია ინასარიძე
ტელეგადაცემების ყურებისას ხშირად გაიგონებთ მაყურებლის საყვედურით სავსე სიტყვებს მოსაუბრის მიმართ: „ამისთანა ტელევიზიით როგორ გამოჰყავთ. აზრს ვერ ალაგებს". დანანებით ნათქვამიც მოგვისმენია, რატომ ვერ საუბრობენ ქართველი ბავშვები ისე ლაღად და გამართულად, როგორც სხვა ეროვნების მათივე თანატოლებიო. ზეპირმეტყველებას ისეთივე წვრთნა და განვითარება უნდა, როგორც ნებისმიერ სხვა კომუნიკაციურ უნარს. ამ ბოლო დროს საკუთარ მოსწავლეებზე დაკვირვებამ ერთი გულდასაწყვეტი ტენდენცია აღმომაჩენინა: მიუხედავად იმისა, რომ კლასი გაკვეთილზე აქტიურია და უპასუხოდ თითიქმის არც ერთი შეკითხვა არ რჩება, როცა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით აზრის გამოთქმას ვთხოვ, გაბმული და მწყობრი მსჯელობა უჭირთ, უჭირთ თხრობაც. მათი მეტყველება სავსეა ე.წ. პარაზიტი სიტყვებით, როგორებიცაა: „მას" (შემოკლებით მასწავლებელო), „ისა", ჩვეულებრივ მოვლენად იქცა „ანუ"-ს , „მაგრამ"-ის, „რამეთუ"-ს უფუნქციოდ გამოყენება. ხშირია შემთხვევა, როცა გრძნობ, რომ მოსწავლეს საკითხის საინტერესო და არაორდინალური ხედვა აქვს, მაგრამ აზრს ვერ აყალიბებს მკაფიოდ და გასაგებად.
სწავლების ერთ-ერთი აქტუალური მიზანი მოსწავლეთა ეფექტური ზეპირი კომუნიკაციის უნარის განვითარებაა. ეს ყველა საგნის და არა მარტო მშობლიური ენის ფუნქციაა, რადგან, ზოგადა, სწავლება ისეთი პიროვნების ჩამოყალიბებას უნდა უწყობდეს ხელს, რომელიც შეძლებს კონკრეტულ სამეტყველო სიტუაციაში ორიენტირებას, საკუთარი თვალსაზრისების მკაფიოდ და გასაგებად გამოთქმას. ამაზე ზრუნვა სწავლების ყოველ ეტაპზეა საჭირო, განსაკუთრებულ მნიშვნელობას კი დაწყებით საფეხურზე იძენს.
შემოგთავაზებთ რამდენიმე, ჩვენი აზრით, საინტერესო მეთოდს, რომლის მოდიფიცირებაც თითოეულ თქვენგანს შეუძლია საგნის, კლასის, ასაკის სპეციფიკიდან გამომდინარე.
თამაში ”ვითომ, ვითომ”
მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს რამდენიმე სიტუაციას:
1.მათ უნდა წარმოიდგინონ, რომ ხვდებიან სხვადასხვა ადამიანს და უნდა მოესალმონ და მოიკითხონ, შემდეგ კი გამოემშვიდობონ:
·დიდი ხნის უნახავ მეგობარს;
·ბაღის მასწავლებელს;
·ბებია-ბაბუას;
·მამის მეგობარ გურამს.
2.მათ უნდა წარმოიდგინონ, რომ სთავაზობენ დახმარებას:
·მოხუცებულს, რომელსაც უჭირს სიარული და მოაქვს მძიმე ხელჩანთა;
·მეგობარს, რომელმაც ხატვის გაკვეთილზე აღმოაჩინა, რომ სახლში დარჩა ფლომასტერები / ფერადი ფანქრები;
·დედას, რომელსაც ბევრი ჭურჭელი დაუგროვდა გასარეცხი;
·ბაბუას ყურძნის კრეფაში.
3.მათ უნდა წარმოიდგინონ, რომ მადლობას უხდიან:
·ამხანაგს, რომელმაც დაპატიჟა დაბადების დღეზე;
·დედის მეგობარს, ნინო დეიდას, რომელმაც ლამაზად ილუსტრირებული წიგნი აჩუქა;
·მეზობლის ბიჭს, ცამეტი-თოთხმეტი წლის რეზის, რომელმაც ხეზე შერჩენილი ბურთი ჩამოუღო;
·ბებიას, რომელმაც სოფლიდან ჩურჩხელები, ტკბილი ტყლაპი და თათარა / ფელამუში ჩამოუტანა.
რესურსები: იმ შემთხვევაში, თუ სიტუაციები გათამაშდება, შესაბამისი რეკვიზიტი. მაგალითად, ”მძიმე” ხელჩანთა, ფლომასტერები, ბურთი, ხურჯინი და ა.შ.
შეფასება: შეფასდება, იყენებს თუ არა მოსწავლე ადეკვატურად სამეტყველო ეტიკეტის ენობრივ ფორმულებს.
თამაში ”გამოძიება”
მასწავლებელი სთავაზობს ერთ-ერთ მოსწავლეს, მოიფიქროს რომელიმე საგნის აღმნიშვნელი სახელი. დანარჩენებმა უნდა მოიფიქრონ დაახლოებით ოცი შეკითხვა იმისათვის, რომ გამოიძიონ, რომელი სახელი ჩაიფიქრა მათმა თანაკლასელმა. შეკითხვების სავარაუდო ვარიანტებია: ადამიანია? ცხოველია? ფრინველია? მწერია? უსულო საგანია? რა ფერისაა? პატარაა? რომელი ბგერით იწყება მისი სახელი? და ა. შ. მომდევნო სიტყვის მოფიქრების უფლება ენიჭება იმას, ვინც გამოიცნობს სახელს.
რესურსები: ეს თამაში საჭიროებს მხოლოდ ადამიანურ რესურსს.
შეფასება: შეფასდება კითხვის დასმის უნარი, საგნის ნიშან-თვისებათა ცოდნა და ამ ცოდნის გამოყენების უნარი.
შენიშვნა: იმისათვის, რომ მოსწავლეებმა მოიფიქრონ ოცი შეკითხვა, მასწავლებელმა წინასწარ უნდა ავარჯიშოს ისინი შეკითხვების დასმაში. შესაძლებელია ამ თამაშის გამოყენება იმისათვის, რომ ბავშვებმა უკეთ გაიცნონ ერთმანეთი. ამისათვის ერთი მოთამაშე გადის კლასიდან და შედის მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც დაუძახებენ. დანარჩენები ირჩევენ კლასიდან ერთ-ერთს და ადგენენ, სად ზის, რა ფერის თვალები აქვს, რა ფერის ტანისამოსი აცვია. შემდეგ ეძახიან გარეთ გასულ მოთამაშეს, რომელიც იწყებს მისახვედრი კითხვების დასმას. მაგალითად, ეს ბიჭია? ის ზის პირველ რიგში? მას აქვს ქერა თმა?.. ეს ნიკაა. ახლა კლასიდან გადის ნიკა და თამაში იწყება თავიდან.
”ანტონიმების ჯაჭვი”
მოსწავლეები სხედან წრეში. ერთი ამბობს სიტყვას (მაგალითად, კეთილი), მეორემ, მის გვერდით მჯდომმა, უნდა თქვას საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვა (ანტონიმი), შემდეგ ის ამბობს სიტყვას, მომდევნო - ანტონიმს და ასე გრძელდება. თუ ვინმემ ვერ მოიფიქრა ანტონიმი, მასწავლებელი აფრთხილებს მოსწავლეებს, რომ ჯაჭვი წყდება და ვინმემ უნდა იტვირთოს მისი შეკეთება. ვინც ჯაჭვის ყველაზე მეტ რგოლს გადაარჩენს, ის იქნება გამარჯვებული.
რესურსი: ეს თამაში საჭიროებს მხოლოდ ადამიანურ რესურსს.
შეფასება: შეფასდება მოსწავლეთა ლექსიკური მარაგი, თანამშრომლობის უნარი.
შენიშვნა: ცხადია, ამ თამაშის ჩატარებამდე მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რა არის ანტონიმი და ჰქონდეთ ანტონიმებზე მუშაობის გამოცდილება.
სიტუაციური თამაში ”სათამაშოების მაღაზიაში”
მოსწავლეების ერთი ნაწილი ასრულებს სათამაშოების როლს, ხოლო სხვები - მყიდველების, მასწავლებელი ან უფროსკლასელი - გამყიდველია
.
.
მონაწილეები დგებიან ოთახის ერთ მხარეს და ელოდებიან მაღაზიის გახსნას. ამ დროს მათ უნდა გამოიყენონ შესაბამისი ენობრივი ფორმულები: ”ბოლო თქვენ ხართ / ბრძანდებით?” ”გეთაყვა, ხომ არ იცით, რამდენ ხანში გაიხსნება მაღაზია?” და ა.შ. მაღაზიის გახსნამდე გამყიდველი მიდის ”სათამაშოებთან” და თითოეულს ეკითხება, რომელი სათამაშოს განსახიერება უნდა. თუ მოთამაშე კურდღელია, შეუძლიაა იხტუნაოს, თუ ბზრიალაა, იტრიალოს, თუ დათვია, იბაჯბაჯოს და ა.შ. როცა ყველა მზად იქნება, ”გამყიდველი” აცხადებს: ”მაღაზია გაიხსნა”. ”მყიდველები” დგებიან რიგში, ესალმებიან გამყიდველს და სთხოვენ აჩვენოს სათამაშოები (ენობრივი ფორმულები: თუ შეიძლება, მაჩვენეთ ის სათამაშო. გეთაყვა, მომაწოდეთ. რა ღირს? გმადლობთ, ნახვამდის / კარგად ბრძანდებოდეთ...). ”გამყიდველი” იღებს თუ არა ”დახლიდან”, სათამაშო ცოცხლდება. მყიდველმა უნდა გამოიცნოს, რა სათამაშოა და თუ გამოიცნობს, მიაქვს. მოდის მომდევნო ”მყიდველი” და ასე გრძელდება თამაში. შემდეგ მოთამაშეები ცვლიან როლებს. ამ თამაშში მოსწავლეებს მოუხდებათ სამეტყველო ეტიკეტის ენობრივი ფორმულების გამოყენება.
რესურსი: ეს თამაში საჭიროებს მხოლოდ ადამიანურ რესურსს. შეიძლება მონაწილეებმა თავად დაამზადონ მაღაზიის აბრა, ფასები. წინასწარ განალაგონ ავეჯი ისე, რომ შეიქმნას მაღაზიის ილუზია.
შეფასება: შეფასდება, იყენებს თუ არა მოსწავლე ადეკვატურად სამეტყველო ეტიკეტის ენობრივ ფორმულებს, მოწავლეთა წარმოსახვის უნარი, შემოქმედებითობა.
შენიშვნა: რეკომენდებულია მოსწავლეებთან წინასწარი გასაუბრება და იმის გაგება, რომელი სათამაშოები იციან და გამოსახონ ეს სათამაშოები. თამაშის გართულების მიზნით, ერთი და იმავე სათამაშოს განსახიერება შეუძლია სხვადასხვა მოსწავლეს. ”მყიდველმა” კი არა მარტო უნდა გამოიცნოს ”სათამაშო”, არამედ უნდა აირჩიოს მათ შორის საუკეთესო.
სურათების აღწერა
ტრადიციული აღწერისაგან განსხვავებით, ამ აქტივობაში შეიძლება სახალისო ელემენტის შეტანა: მაგალითად, მეწყვილეები სხედან ზურგშექცევით. თითოეულს ურიგდება ნახატი. ჯერ ერთი აღწერს ნახატს და მისი აღწერის მიხედვით მეორე ხატავს. შემდეგ როლები იცვლება; მოსწავლეები თავად აფასებენ, ვინ აღწერა უკეთ ნახატი და ვისი ნახატი შეესაბამება ტექტს.
რესურსი: ნახატები, სახატავი ფურცლები, ფერადი ფანქრები / ფლომასტერები.
შეფასება: შეფასდება აღწერის უნარი, რამდენად აქცევს სურათის დეტალებს მოსწავლე ყურადღებას, შეფასდება ასევე მოსმენის უნარი.
შენიშვნა: ნახატი არ უნდა იყოს გადატვირთული. ამ თამაშისათვის მოსწავლეები წინასწარ უნდა იყვნენ მომზადებული შედარებით მარტივი დავალებებით.
”გაფუჭებული ტელეფონი”
მოსწავლეები სხდებიან წრეში. წამყვანი (მასწავლებელი) გვერდით მჯდომს ყურში უჩურჩულებს ფრაზას / ფრაზებს, ენის გასატეხს ან რაიმე ინფორმაციას (მაგალითად, ”გუშინ ზოოპარკში თეთრ სპილოს დამთვალიერებელი ნაყინით გაუმასპინძლდა, რის გამოც სპილო ანგინით დაავადდა.” ეს ტექსტი გადაეცემა მონაწილეებს თანამიმდევრობით. როცა ჯერი მიდგება უკანასკნელზე, ის ხმამაღლა ამბობს მოსმენილს. თუ ის ზუსტად იტყვის იმას, რაც თავიდან ჩასჩურჩულა პირველ მოთამაშეს წამყვანმა, ტელეფონი კარგად მუშაობს. თუ ნათქვამი იქნება შეცვლილი, მაშინ წამყვანი ყველას თანამიმდევრობით ეკითხება, თუ რა გაიგონეს მათ. წამყვანი ხდება ის მოთამაშე, რომელმაც დაარღვია სატელეფონო კავშირი (ანუ დაამახინჯა ფრაზა / აზრი) და ის გადასცემს ახალ ინფორმაციას.
რესურსი: ეს თამაში საჭიროებს მხოლოდ ადამიანურ რესურსს.
შეფასება: შეფასდება მოსმენის, დამახსოვრებისა და ინფორმაციის გადაცემის უნარი.
შენიშვნა: მასწავლებელმა მოსწავლეებს ყურადღება უნდა მიაქცევინოს იმაზე, რომ მათ სიტყვები, ფრაზები წარმოთქვან მკაფიოდ, დამახინჯების გარეშე, რადგან ისინი პასუხისმგებლები არიან ერთმანეთის წინაშე. სასურველია, ამ თამაშის დაწყება მარტივი ფრაზით და შემდეგ ნელ-ნელა გართულება.
”მე ვიცი, რომ”... (ინფორმაციის მიწოდება)
მოსწავლეებმა წინასწარ უნდა მოამზადონ საინტერესო ინფორმაცია მათთვის სასურველ საკითხზე. ამისათვის მათ უნდა მოუსმინონ შემეცნებით ტელეგადაცემას ან სთხოვონ უფროსებს, წაუკითხონ / უამბონ. მაგალითად, ”მე ვიცი, რომ თბილისის ზოოპარკის სიამაყე თეთრი სპილოების ოჯახია. მათ დღეში ოთხჯერ სჭირდებათ კვება. განსაკუთრებით საინტერესო სანახავია, როცა სპილოები წყლით თამაშობენ. ისინი ხორთუმებიდან წამოსული შხაპით ასველებენ ერთმანეთს.” თითოეულმა თავისი ინფორმაცია უნდა დაიწყოს ფრაზით: ”მე ვიცი, რომ...” პირველ მოსწავლეს, ვინც იწყებს ინფორმაციის თანაკლასელებისათვის გაცნობას, დანარჩენები ყურადღებით უსმენენ. მასწავლებლის სიგნალის შემდეგ (გამოსვლისათვის დრო წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული. მაგალითად, 3 წუთი თითოეულს) გამოსვლას დაიწყებს შემდეგი მოსწავლე. იმისათვის, რომ გამომსვლელის როლი იყოს უფრო თვალსაჩინო, შეიძლება მოსწავლეებს შევთავაზოთ, დაიჭიროს სიმბოლური მიკროფონი, რომელსაც მასწავლებლის სიგნალის შემდეგ გადასცემს სხვა გამომსვლელს.
რესურსი: მიკროფონი ან მიკროფონს მიმსგავსებული საგანი.
შეფასება: შეფასდება ფაქტების თანამიმდევრობით გადმოცემისა და ინფორმაციის მოძიების უნარი, ენობრივი გამართულობა, მკაფიო მეტყველება.
შენიშვნა: პირველ ეტაპზე მოსწავლეებს ეძლევათ არჩევანის სრული თავისუფლება, შემდეგ მასწავლებელი თავად უსახელებს მოსწავლეებს თემას. სასურველია, წარმოდგენილი ინფორმაცია არ აღემატებოდეს 6-7 წინადადებას.
კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო და მოსწავლეთათვის სახალისო საქმიანობის მოფიქრება შეიძლება. მთავარია, მასწავლებლის შემოქმედებითობა და იმის სურვილი, გააუმჯობესოს მოსწავლეთა მეტყველება თამაშ-თამაშით.
უფრო მეტი ზეპირმეტყველების განსავითარებელი სავარჯიშოების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ: „ქართული ენა და ლიტერატურა", პრაქტიკული გზამკვლევი მასწავლებლებისათვის, I-IV კლასი, 2011.
Комментариев нет:
Отправить комментарий