წიგნები სკოლაში მიდიან
ავტორი: თამთა დოლიძე
თარიღი: 27 მარტი 2015
ავტორი: თამთა დოლიძე
თარიღი: 27 მარტი 2015
დაწყებითი სკოლის მოსწავლეთა მშობლები ხშირად ჩივიან, რომ მათი შვილი გამოუსწორებელი მატყუარაა, თან, თავისივე სიცრუის ქსელში გაბმულს, ყველაფრის სჯერა, რასაც ე.წ. მესამე თვალით ხედავს.
ბატონ ერლომს აქვს ძალიან საინტერესო მოთხრობა - „მელია და ტყუილი", სადაც ცბიერი ტყუილი მელიას გულუბრყვილობით ისარგებლებს, სხეულში შეუძვრება და დაიმონებს. ამ მოთხრობის გარდა, სხვაგან არსად შემხვედრია ტყუილისა და სიმართლის, ანუ თვისებების ადამიანისგან გამოყოფის, განსხეულების მაგალითი. არადა, რომ დავფიქრდეთ, ალბათ ყველას გაგვიმიჯნავს ერთმანეთისგან ადამიანი და მისი საქციელი. სხვისი არ ვიცი და მე კი ხშირად მითქვამს მოსწავლისთვის (შვილისთვის), რომ მას ასეთი საქციელი (ენამწარეობა, ბუტიაობა, თანატოლის ჩაგვრა და სხვა) არ შეეფერება... თითქოს თვისებები, ერლომის ტყუილივით, ადამიანის შემადგენელი ნაწილი კი არა, თავისთავადი, ცალკე მდგომი არსება იყოს.
დიდები უმეტესად გამიზნულად ცრუობენ; მათი ტყუილი წინასწარ განსაზღვრული და შედეგზე ორიენტირებულია. ბავშვებთან საქმე სხვაგვარადაა. ამ თითქმის უცნობ სამყაროში „პირველად წაკითხვის ბედნიერებით" დაჯილდოებულებს ყველაზე ცხადად შეუძლიათ დაინახონ სპილო მახრჩობელა გველის მუცელში. ამიტომ მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემეცნებითი მხედველობის გავარჯიშება.
ხშირი გარდაქმნა, სახეცვლილება ჩვეულებრივი ამბავია პატარებისთვის. მათ ასაკში საკუთარი თავის ძიება უმეტესად იმიტაციის ხარჯზე ხდება. ბავშვები ირგებენ ყველა ნაცნობ სახეს, წიგნის საყვარელი პერსონაჟებით დაწყებული, ავტორიტეტული ნაცნობებით დამთავრებული. ამიტომაც დაწყებით კლასებში სიტუაციური თამაშების გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ფანტაზიის გაკვეთილები
შემეცნებითი თამაშები ჩემს ბავშვობაში დროის ფუჭ ფლანგვად ითვლებოდა, ბევრს ალბათ არც გაეგონა ამგვარი სასწავლო მეთოდები, თუმცა ხელოვნების სფეროში მოღვაწე ზოგი პედაგოგი ხანდახან იყენებდა ყურმოკრულ თუ მათ მიერვე მოფიქრებულ წარმოსახვის გასაშალაშინებელ სავარჯიშოებს.
პირველი ასეთი გაკვეთილი ძნელ და უღიმღამო ბავშვობაში, ჭერჩამორღვეულ და გაყინულ საკლასო ოთახში ჩამიტარდა. ახლაც ცხადად მახსოვს, როგორ დავხუჭე თვალები და მივენდე ხმას, რომელიც ჩემს ნაცვლად ხედავდა, მე კი, სიტყვების ანკესს გამობმული, დიდხანს მივყვებოდი ჰორიზონტისკენ. მერე ხმა გადამფრენი ჩიტივით გაელვებულ ამბავთან შედგა და ჩვენც სასურველი დასასრულის საძებნელად ნებით შევედით წარმოსახვის უსიერ ტყეში. მას შემდეგ თითქმის ყველა შეხვედრაზე ვიტოვებდით „გასასეირნებელ" დროს: ვაგრძელებდით და ვასრულებდით ამბებს, ვიცავდით ან ვაკრიტიკებდით პერსონაჟებს... მოკლედ, საინტერესოდ ვცრუპენტელობდით. ფანტაზია, როგორც საგაკვეთილო რესურსი, სასწავლო მასალის სხვადასხვა კუთხით გააზრებასა და მორგებაში გვეხმარებოდა.
დღეს „ვირტუოზი ცრუპენტელების" ყველაზე იდუმალი ფანტაზიაც კი ვიზუალიზებულია. შეიძლება ითქვას, რომ ვიზუალიზაციის მწვერვალზე ვდგავართ და წარმოსადგენი იმდენად ცოტა დარჩა, ხანდახან მეშინია, ფანტაზია არ მოგვიკვდეს.
სამწუხაროდ, ბავშვების უმეტესობას ეზარება კითხვა. მათ ურჩევნიათ, წიგნის ეკრანიზებულ ვერსიას დაუთმონ რამდენიმე საათი, ვიდრე მის ლიტერატურულ პირველწყაროს რამდენიმე დღე ან კვირა შესწირონ. მესმის, ძნელია ასეთი ეფექტური კონკურენციის პირობებში წიგნის უპირატესობაზე საუბარი, თუმცა სკოლას ჯერ კიდევ შეუძლია, პოპულარიზაცია გაუწიოს მას აქტიურ კითხვასთან დაკავშირებული მეთოდების დახმარებით.
***
პირველკლასელებისთვის წიგნთან პირველი შეხვედრა ანბანით იწყება. ამ მხრივ ძალიან კარგი აქტივობაა მოძრავი ანბანით თამაში - ასოების გროვაში სასურველის მოძიება, სიტყვებისა და წინადადებების შექმნა, რაც მათი სწორად ჩაწერის წინაპირობაა. ამიტომ არ უნდა დაგვენანოს საგაკვეთილო დრო მოძრავი ანბანით გათვალისწინებული აქტივობების სისტემატურად შესრულებისთვის.
ბავშვებს ძალიან უყვართ ისეთი შემეცნებითი თამაშები, როგორიცაა „ცხელი სკამი", „კითხვა სხვადასხვა ინტერპრეტაციით" და სხვა. ამ აქტივობების დახმარებით მოსწავლე მხოლოდ საჭირო ინფორმაციას კი არ იმახსოვრებს, არამედ ითავისებს ამა თუ იმ პერსონაჟის ამბავს, თვისებებს, თავგადასავალს... უპირველესად, ეხვეწება აქტიური მოსმენის უნარ-ჩვევა, მობილიზებული მსმენელი ხდება, უკეთ გაიაზრებს ტექსტს, ყველაზე მეტად კი ის მოსწონს, რომ შეუძლია, საკუთარი ინტერპრეტაციით შეცვალოს სიუჟეტი, შეავსოს ან დაასრულოს თავგადასავალი, ანუ წიგნის თანაავტორად იქცეს.
იმპროვიზაცია ყველაზე ეფექტური „ტრანსპორტია" წიგნის სამყაროში სამოგზაუროდ. პატარა მსახიობებმა მიღებული ინფორმაციის ინტერპრეტირების შედეგად უნდა მოახერხონ პერსონაჟის ბუნების გახსნა. ტექსტის შერჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს. მასწავლებელმა მოსწავლეებს უნდა შესთავაზოს ისეთი ლიტერატურული ნიმუში, სადაც დინამიკური სიუჟეტი და ერთმანეთისგან განსხვავებული პერსონაჟები არიან. ვინაიდან ყველა მოსწავლე ვერ მოხვდება „პერსონაჟის ტყავში", შეგვიძლია, აქტივობას შეჯიბრების სახე მივცეთ, მაგალითად, საუკეთესო კითხვის ავტორებს გადავულოცოთ სასურველი როლი (ასე კითხვის დასმის მოტივაციასაც გავზრდით და საგაკვეთილო პროცესს აზარტულობასაც შევმატებთ). თუ გულისტკენის თავიდან აცილება გვინდა, მარტივი კენჭისყრითაც შეგვიძლია მონაწილეთა არჩევა.
ამავე მიზანს ემსახურება აქტივობა „თხრობა სხვადასხვა ინტერპრეტაციით". აქ მთხრობელი მაქსიმალურად ირგებს პერსონაჟის თავგადასავალს: პირველ პირში გადმოსცემს გმირის თავს გადახდენილ ამბავს, ჰყვება სიტუაციის შესაბამისი ემოციით, მწირი ინფორმაციის შემთხვევაში ამბავს ვარაუდებით ამდიდრებს. საუკეთესო შემთხვევაში მოსწავლე იყენებს ტექსტში გამოყენებულ ლექსიკურ ერთეულებს, აღწერს ამბავს ხატოვანი ან აღწერითი ენით, იცავს სიუჟეტის თანმიმდევრულობას. თხრობის პროცესში მნიშვნელოვანია ადეკვატური ჟესტებისა და მიმიკის ჩართვაც. ამგვარ აქტივობათა მთავარი მიზანი ხომ ისაა, რაც შეიძლება მეტი განსხვავებული ინტერპრეტაციით მოხდეს მოსმენილი/წაკითხული ტექსტის დამუშავება. თქვენ შეგიძლიათ, მოსწავლეებს სთხოვოთ: მოკლე შინაარსის თხრობა, დეტალური თხრობა, ეპიზოდის თხრობა და, რაც მთავარია, თხრობა პერსონაჟის პოზიციიდან.
მოკლე შინაარსის თხრობა სიუჟეტის თანმიმდევრულად აღდგენაში ავარჯიშებს ახალბედა მკითხველს, ცალკეული ეპიზოდის დეტალურად თხრობა კი ნაწილის მთელისაგან გამოყოფასა და საფუძვლიანად შესწავლას აჩვევს. დეტალური თხრობის დროს მოსწავლეს ევალება არა მარტო სიუჟეტის დეტალების აღდგენა, არამედ ნაწარმოებისთვის დამახასიათებელი ლექსიკის გამოყენებაც. საავტორო სკამის ყველაზე საინტერესო დავალებად პატარების უმეტესობა პერსონაჟის პოზიციიდან თხრობას მიიჩნევს.
თქვენს მოსწავლეებს ამ ხერხით შესწავლილ ტექსტთან დაკავშირებული წერითი დავალების შესრულებაც აღარ დაეზარებათ. ისინი სიამოვნებით დახატავენ კლასში უკვე მრავალი ინტერპრეტაციით წაკითხულ ამბავს და აღარც თხზულების მოკლე შინაარსის დაწერაზე იწუწუნებენ, რადგან წიგნის გაცოცხლება ყველაზე უკეთ სიტყვებს ეხერხებათ.
მიუხედავად იმისა, რომ შემეცნებითი თამაშები ძალიან მნიშვნელოვანი სასწავლო ბერკეტია ტექსტის სიღრმისეული გააზრების, ფანტაზიის განვითარებისა თუ წიგნის პოპულარიზაციისთვის, ის მაინც არ უნდა იქცეს მოსწავლეთა ყოველდღიურ (მოსაბეზრებელ) საქმიანობად.
სასწავლო პროცესში ფანტაზიის გასავარჯიშებელი აქტივობებიდან ყველაზე ხშირად ტექსტისთვის სავარაუდო დასასრულის შერჩევა გამოიყენება. ბავშვებს მწერლობანას თამაში ძალიან უყვართ. მე და ჩემი მოსწავლეები ასე ვთამაშობთ: ვიღებთ ერთ ფურცელს, რომელიც ბავშვებს რიგრიგობით გადაეცემა, ანუ ყველა მოსწავლე ერთ-ორ წინადადებას ამატებს წინამორბედის მონათხრობს. ამბის დასრულებამდე მონაწილეებისთვის უცნობია სიუჟეტის განვითარება და დასასრული, რაც ამძაფრებს ინტერესს და პასუხისმგებლობას საერთო საქმის მიმართ.
პატარებთან წერის დაწყებამდე ზოგადი მონახაზის გაკეთება აუცილებელიცაა (სავარაუდო თემატიკის ამორჩევა, პერსონაჟების დასახელება...). ამ აქტივობაში ბოლო მოსწავლეს ყველაზე მნიშვნელოვანი როლი აკისრია, მან კვანძი უნდა გახსნას. ამიტომ სასურველია, მასწავლებელმა საუკეთესო „ქოსატყუილას" მისცეს წერტილის დასმის შესაძლებლობა. თხზულების პრეზენტაციის შემდეგ მისი სხვადასხვა ინტერპრეტაციით წაკითხვაც შეიძლება. ამგვარი ტექსტის სასწავლო მასალად გამოყენების დროს ბავშვები თავიანთ ქმნილებას ახლა უკვე მკითხველის თვალით შეისწავლიან.
შემეცნებითი თამაშები კრეატიული აზროვნების, გამართული მეტყველების, მეხსიერების გავარჯიშებასთან ერთად კიდევ ერთ, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვან უნარს უვითარებს ადამიანს. ფანტაზიის გაკვეთილებზე რომელიმე მოსწავლეში აუცილებლად აღმოაჩენთ სულ სხვა, აქამდე უცნობ, არაიმიტირებულ სახეს - პიროვნებას, რომელმაც შესაძლოა სწორედ თქვენ თვალწინ აიდგას ფეხი.
წიგნები სკოლაში მიდიან
კითხვის პოპულარიზაციასთან დაკავშირებულ აქტივობებთან ერთად მოტივაციის გამყარებას ხელს უწყობს მარტივი აზრთა გაცვლა-გამოცვლაც თანატოლებს შორის. სწავლის დაწყებით საფახურზე მოსწავლეები სიამოვნებით უზიარებენ ერთმანეთს საყვარელ წიგნებს, აქტიურად ერთვებიან წაკითხული ტექსტების ირგვლივ დისკუსიაში. მეტი დაინტერესებისთვის შეიძლება სკოლამ ამ დისკუსიას კონკურსის ფორმაც მისცეს ან გამართოს ვიქტორინები წაკითხულ წიგნებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. მოსწავლეებს თავადაც შეუძლიათ აწარმოონ სასკოლო გამოკითხვა, რის შედეგადაც, მაგალითად, წლის ყველაზე პოპულარული კრებულების ათეულს შეადგენდნენ. თითოეული კლასი თავისი ათეულის პრეზენტირებას მოახდენდა... ყველაზე აქტიური მონაწილეებისთვის მცირე ჯილდოს გადაცემაც არ იქნებოდა ურიგო.
თუ გვსურს, ახალბედა მკითხველებს დავანახვოთ, რომ წიგნი ცოცხალი ორგანიზმია, მწერალთან შეხვედრის ორგანიზებას არაფერი სჯობს - „ქარის შიგნითა მხარე" ხომ ყველაზე უკეთ მწერლის სამზარეულოდან მოჩანს. ვთქვათ, ქართული ფენტეზით დაინტერესდით და თანამედროვე ქართველი მწერლის, ნატო დავითაშვილის ერთგულ მკითხველად იქეცით. შეგიძლიათ, ლილე იროელი, რუფია და აია ერთდროულად მოიწვიოთ სკოლაში... მასწავლებლებისთვის, რომლებიც ხშირად იყენებენ გააზრებულ კითხვასთან დაკავშირებულ აქტივობებს, ასეთი შეხვედრები საუკეთესო დამხმარე მასალა იქნებოდა.
ამას წინათ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა დაუკავშირდა თბილისის სკოლებს და დაიწყო წიგნების პოპულარიზაციასთან დაკავშირებული ძალიან საინტერესო პროექტის - „ყველაზე წიგნიერის" განხორციელება. გამომცემლობა გეგმავს სკოლებში წიგნის ავტორებთან ან მთარგმნელებთან შეხვედრების ორგანიზებას, რაც მე, როგორც მასწავლებელს, რომელიც დიდი ხანია ამგვარი ღონისძიებების გამართვის შესაძლებლობაზე ოცნებობდა, ყველაზე მეტად მახარებს.
პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ გამომცემლობის მიერ ორგანიზებულ ვიქტორინებსა და კონკურსებში. დაწყებითი კლასის მოსწავლეები, პროექტში ჩართვის მიზნით, გამომცემლობის მიერ შემოთავაზებული ათი კრებულიდან აირჩევენ ერთ-ერთს, მის რომელიმე პერსონაჟს დახატავენ და მისწერენ წერილს, რომელსაც კომპეტენტური ჟიური შეაფასებს. ის, ვინც „ყველაზე წიგნიერი მხატვრის" სტატუსს დაიმსახურებს, სოლიდური პრიზით დაჯილდოვდება.
ასაკის მატებასთან ერთად ამოცანაც გართულდება. უფროსკლასელები იბრძოლებენ ყველაზე წიგნიერი მწერლისა და გუნდის სტატუსის მოსაპოვებლად. ახალბედა ავტორები დაწერენ პოსტს ან ესეს საკონკურსო ათეულიდან შერჩეულ სასურველ კრებულზე. ყველაზე წიგნიერი გუნდის წოდებას კი გამომცემლობის მიერ გამართულ ვიქტორინაში გამარჯვებული სკოლა დაიმსახურებს. ღონისძიებების დასასრულს მოსწავლეებს საკმაოდ სოლიდური „წიგნიერი პრიზებით" დაასაჩუქრებენ.
იმედია, რაც შეიძლება მეტი სკოლა მიიღებს გამომცემლობის ამ საინტერესო გამოწვევას და აქტიურად ჩაერთვება წიგნების „გაცოცხლების" პროცესში. მალე ჩვენს სკოლაშიც მოვლენ წიგნები სტუმრად, მე და ჩემი მოსწავლეები კი შევეცდებით, ღირსეული მკითხველობა გავუწიოთ მათ.
ჩემი აზრით, თუ გამომცემლობები და სხვა წიგნის მეგობარი ორგანიზაციები ხშირად გამოიჩენენ ასეთ ინიციატივას და სკოლებთან აქტიურად ითანამშრომლებენ, მომავალი თაობისთვის მხატვრული ლიტერატურა აღარ იქნება მხოლოდ გარკვეული უნარების დასაუფლებელი დამხმარე სახელმძღვანელო ან მიმზიდველად შეფუთული და კარგად რეალიზებული ფანტაზია, რომლის მიზანიც მხოლოდ რეალობისგან დროებით მოწყვეტა და გართობაა. წიგნი იქნება ყველაზე ერთგული თანამგზავრი, რომელიც ბავშვთან ერთად ივლის სკოლაში, მასთან ერთად გაიზრდება, დაიწერება.
Комментариев нет:
Отправить комментарий