კრიტიკული აზროვნების განვითარება დაწყებითი განათლების საფეხურზე

კრიტიკული აზროვნების განვითარება დაწყებითი განათლების საფეხურზე
ავტორი: ანა ჯანელიძე
1940-50-იანი წლებიდან მკვლევარები და პედაგოგები აქტიურად მსჯელობენ განათლებაში კრიტიკული აზროვნების როლზე. საჭიროა, ვიცნობდეთ გარკვეულ განმარტებებს, შეხედულებებსა და კითხვებს, რათა კრიტიკული აზროვნების შესახებ კრიტიკულად აზროვნება შევძლოთ. რა არის ეს? უნდა ვასწავლოთ თუ არა? რატომ და როგორ? გთავაზობთ რეკომენდაციებს გაკვეთილის დროს კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობისთვის.
ბოლო ათწლეულების მანძილზე კრიტიკული აზროვნების განმარტებამ მცირე ცვლილებები განიცადა. ერთ-ერთი მოსაზრებით, კრიტიკული აზროვნება წარმოადგენს ფაქტების ანალიზის, იდეების ორგანიზების, შეხედულებების დაცვის, შედარებების გაკეთების, დასკვნების გამოტანის, არგუმენტების შეფასებისა და პრობლემების გადაჭრის უნარს. სხვა განმარტების მიხედვით, ეს არის მსჯელობის გზა, რომელიც მოითხოვს პიროვნების შეხედულებების შესაბამისი არგუმენტებით გამყარებას და მისი მოსაზრების სიმტკიცეს, სანამ საწინააღმდეგო შეხედულებას მყარი საფუძველი არ ექნება. მესამე მოსაზრების მიხედვით, კრიტიკული აზროვნება წარმოადგენს ლოგიკურ, რეფლექსურ აზროვნებას, რომლის მიზანია, გადავწყვიტოთ: რა დავიჯეროთ და რა - არა.
აღნიშნული ცნების განმარტება მრავალნაირად შეიძლება, თუმცა ყველა მათგანს აერთიანებს ერთი რამ: რთული საკითხების გადაჭრისთვის ეფექტური გზების მოძებნის საჭიროება. იმ ექსპერტთა აზრით, რომლებიც კრიტიკულ აზროვნებას იკვლევენ, მოსწავლისთვის რომელიმე საკითხზე მუშაობა მნიშვნელობას იძენს მაშინ, როდესაც ის ლოგიკური მიზნისკენ არის მიმართული. როცა მოსწავლეებს სთხოვენ, განიხილონ მიზეზები და წარმოადგინონ საკითხის გადაჭრის გზები, ისინი იწყებენ კრიტიკული აზროვნების საშუალებით პრობლემების იდენტიფიცირებას, გაანალიზებასა და გადაჭრას.
მომავალში მოსწავლეებს ხშირად მოუწევთ პრობლემების გადაჭრის უნარზე დაყრდნობა. უკანასკნელ პერიოდში ტექნოლოგიური და ინფორმაციული სფეროს განსაკუთრებული სისწრაფით განვითარება ცხოვრებისა და მუშაობის პირობებს დრამატულად ცვლის. საზოგადოებაში კიდევ უფრო იზრდება ინფორმაციის მოპოვების, გაგების, გაანალიზებისა და გაზიარების საჭიროება. ერთ-ერთი მკვლევარის აზრით, ჩვენს საუკუნეში მუშაობა, ფაქტობრივად, პრობლემების გადაჭრის სინონიმია. ჩვენ უკვე მოგვეთხოვება მრავალმხრივი წიგნიერება, რაც თავისთავად გულისხმობს თვითრეგულაციასა და მონიტორინგს, გაგებასა და ემპათიას, ანალიზსა და შეფასებას, ანუ ყველაფერ იმას, რაც ერთი მთავარი ცნების - აზროვნების გარშემო ტრიალებს.
როგორ შეიძლება შევუწყოთ ხელი მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებას? 1980-იან წლებში ამერიკაში არსებობდა მიმდინარეობა, რომლის მიზანს წარმოადგენდა აზროვნების ცალკე სწავლება. ამ შეხედულების საფუძველზე შეიქმნა სპეციალური საგნები, პროგრამები და შესაბამისი მასალები. ბოლო პერიოდში განხორციელებული კვლევები ცხადყოფს, რომ აზროვნების უნარების გადატანა მნიშვნელოვან აკადემიურ საგნებში ავტომატურად არ ხდება. კრიტიკული აზროვნების სწავლება ნაკლებად ეფექტურია, როცა ის ცალკე, სხვა საგნებისგან დამოუკიდებლად ისწავლება. მნიშვნელოვანია, რომ კრიტიკული აზროვნება გაკვეთილზე სასწავლო გეგმაში ინტეგრირებულ კომპონენტს წარმოადგენდეს.
მასწავლებელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი აკისრია დაწყებითი კლასების მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნებისა და ამოცანების გადაჭრისათვის საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების პროცესში. პედაგოგისთვის გამოწვევას წარმოადგენს ამ მნიშვნელოვანი მიზნის მოსწავლის განვითარებისთვის შესაფერის აქტივობებად „გადაქცევა". ამ მიზნის მიღწევა შესაძლოა ზედმეტად რთული მოგვეჩვენოს, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ის მხოლოდ მცირე ცვლილებას მოითხოვს არსებულ მიდგომაში. მასწავლებლებს შეუძლიათ ყოველდღიურად შექმნან ისეთი გარემო, სადაც მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, მოახდინონ სამუშაო მასალის იდენტიფიცრება, სხვადასხვა მახასიათებლის ანალიზი, მსგავსებებისა და განსხვავებების აღმოჩენა. აგრეთვე, მასწავლებლებს შეუძლიათ დროისა და სივრცის გამოყოფა გონებრივი იერიშისა თუ გეგმების დაწყობისა და შემოწმებისთვის. გთავაზობთ იმ გზებს, რომელთა საშუალებით მასწავლებელი დაეხმარება მცირეწლოვან მოსწავლეებს, იმუშაონ ამოცანებზე და ისწავლონ საკუთარ აღმოჩენებზე დაყრდნობით.
იმის ნაცვლად რომ მზა პასუხები შესთავაზოთ მოსწავლეებს, ყველაზე მარტივი საკითხებიც კი წარუდგინეთ როგორც ამოცანა, რომელიც თავად უნდა გადაჭრან. უმცროს ასაკში ბავშვები ადვილად ღიზიანდებიან, თუ, მაგალითად, ვერ ნახეს სკამი დასაჯდომად, ფანქარი, რომელიც მოსწონთ, ან შემთხვევით გაეხათ რვეული. მარტივია, უბრალოდ, ვუთხრათ: „აიღე, აი, ის სკამი", „აი, აქ არის წითელი ფანქარი", „აიღე წებო და დააწებე", მაგრამ ბევრად უფრო უკეთესი და მიზანშეწონილია, შემდეგნაირად ვუპასუხოთ: „აბა, მოვიფიქროთ, როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა?" მივცეთ მოსწავლეს საშუალება, გამოთქვას საკუთარი აზრი, გამოსცადოს საკუთარი სტრატეგია, მიუხედავად იმისა, მიაჩნია თუ არა მასწავლებელს ეს ვერსია საკითხის გადაჭრის საუკეთესო გზად. შესაძლოა პრობლემის მოგვარების გეგმა სრულყოფილი არ იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ, როგორც წესი, მოსწავლეები ამაყობენ პრობლემების გადაჭრის საკუთარი მცდელობებით.
ყოველთვის შეეცადეთ, გონებრივი იერიშისთვის გამოყოთ დრო. სანამ წაიკითხავდეთ რაიმე წიგნს, სახელმძღვანელოს, გარკვეული დრო დაუთმეთ წიგნის ყდაზე საუბარს და მიეცით ბავშვებს საშუალება, იმსჯელონ მასზე. ყურადღება მიაქცევინეთ მათ ყდაზე ასახულ სიტუაციასა და გმირებზე. თუ წიგნს პეიზაჟი ახატია, ჰკითხეთ ბავშვებს, რის შესახებ შეიძლება იყოს მოთხრობილი წიგნში. მიეცით შესაძლებლობა მოსწავლეებს, გონებრივი იერიშის საშუალებით შექმნან იმ მოვლენების, გმირების, ნივთების ჩამონათვალი, რომლებიც, სავარაუდოდ, წიგნში შეხვდებათ. ჩაინიშნეთ მათი პასუხები და მოგვიანებით მიუბრუნდით მათ. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ასაკში კრიტიკული მსჯელობა, უმეტესწილად, ხმამაღლა ხდება, სასარგებლოა, ჩანაწერებით მიადევნოთ თვალი მოსწავლეთა განვითარებას.
შეადარეთ და დააპირისპირეთ მოვლენები, საგნები. შეადარეთ და განასხვავეთ ნივთები, მაგალითად, ხატვის გაკვეთილზე - ფუნჯი და „ღრუბელი" (საღებავებით ხატვისთვის საჭირო ნივთი). იმსჯელეთ ბავშვებთან ერთად, როგორ შეიძლება მათი გამოყენება, რა აერთიანებთ, რა განასხვავებთ ერთმანეთისგან. შეადარეთ სხვადასხვა საგნის ზომები, ფორმები, ფერები, გემო. შეადარეთ გუშინდელი და დღევანდელი ამინდი, არგონავტების გემი და თანამედროვე სამგზავრო გემი, ციფრი 6 და ციფრი 9. შეადარეთ ორი სიტყვა ასოებისა და მარცვლების რაოდენობის, პირველი და ბოლო ასოების, ან მნიშვნელობების მიხედვით. წაახალისეთ ბავშვები, ყურადღებით დაუკვირდნენ დეტალებს და იფიქრონ მათ დანიშნულებასა და მნიშვნელობაზე.
დაახარისხეთ. დაახარისხეთ ნივთები ისე, რომ თითოეული მოსწავლის მოსაზრება გაითვალისწინოთ. თუ ბავშვებს დავავლებთ, სამი ნივთიდან - სახაზავი, „სკოჩი" და შოკოლადის ფილა - ამოირჩიონ ზედმეტი, რომელიც სხვა ნივთების კატეგორიას არ მიეკუთვნება, ზოგიერთმა შესაძლოა შოკოლადის ფილა ამოირჩიოს, რადგან მისი შეჭმა შეიძლება, სხვა ნივთებისა კი - არა. სხვა მოსწავლეებმა შესაძლოა აირჩიონ „სკოჩი", რადგან ის მრგვალია, განსხვავებით დანარჩენი ორი ოთხკუთხედი საგნისგან. დაუშვით ორივე პასუხის სისწორე და ჩაეძიეთ ბავშვებს. მნიშვნელოვანია არა პასუხი, არამედ მსჯელობისა და საკუთარი თავისთვის კითხვების დასმის პროცესი.
წაახალისეთ შემოქმედებითობა. სასურველია, მოსწავლეებს მასწავლებლის მიერ მომზადებული პროექტები კი არ მიაწოდოთ, არამედ მისცეთ მათ მასალის (მაგ., რამდენიმე სახის წიგნი, პლაკატები, გაზეთიდან ამოჭრილი სურათები) და სამუშაო ინსტრუმენტების (მაკრატელი, ფუნჯები, წებო, ფანქრები) ფართო არჩევანი. განუსაზღვრეთ მხოლოდ ზოგადი მითითებები. მაგალითად, თუ მოსწავლეებს ეტყვით, რომ გარკვეული ზომის თოვლის ბაბუა გააკეთონ, დავალების შესასრულებლად მათ დასჭირდებათ თოვლისა და გაზომვის შესახებ საკუთარი ცოდნის გათვალისწინება. მოსწავლეებმა უნდა გაითვალისწინონ შეთავაზებული მასალის შესაძლებლობები; უნდა შეაფასონ საკუთარი მოტორიკის ძლიერი და სუსტი მხარეები. მათ უნდა დასახონ მოქმედების გეგმა, გამოცადონ ის და გამოძებნონ საკითხის გადაჭრის გზა. ისინი უნდა იქცნენ კრიტიკულად მოაზროვნეებად - მათ უნდა შექმნან თოვლის ბაბუა.
ასწავლეთ ბავშვებს კრიტიკულად მსჯელობა სასწავლო გეგმის ფარგლებში. საბუნებისმეტყველო საგნებში მოსწავლეებმა შესაძლოა შექმნან რომელიმე ცხოველის/ცხოველების ბუნებრივი საცხოვრებელი გარემო; მათემატიკაში - თანაკლასელებს თანაბრად გაუყონ სხვადასხვა ზომის ორცხობილები; საზოგადოებრივ საგნებში - შექმნან სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული ტანსაცმლის რუკა და ა.შ. კრიტიკული აზროვნება მნიშვნელოვანია კითხვის შესწავლის პროცესშიც, ვინაიდან ხელს უწყობს წაკითხულის გაგებასა და ამბავის შემეცნებას. დაავალეთ ბავშვებს, განსხვავებულად შეხედონ გმირს ან აღწერილ სიტუაციას და სთხოვეთ, სხვა თვალთახედვით მოყვნენ ამბავს. წერილობითი ენა -სიტყვები, განმარტებები, წესები - აგრეთვე მნიშვნელოვან პოტენციალს წარმოადგენს კრიტიკულად მოაზროვნისათვის. როდესაც მოსწავლეები ამოცანების გადასაჭრელად ან შედეგის მისაღწევად წერილობით ენას იყენებენ, შედეგი უფრო თვალსაჩინო და დასამახსოვრებელია.
დაეხმარეთ მოსწავლეებს, გაიხსენონ და გააანალიზონ ის, რაც უკვე იციან მოცემული თემის შესახებ. შეუწყეთ ხელი მათ, ზეპირი და წერითი სამუშაოების მეშვეობით, შექმნან ნაცნობი კონტექსტი ახალი ინფორმაციის ასათვისებლად და საკუთარი მოსაზრებების სხვებისთვის გასაზიარებლად.
დაეხმარეთ მოსწავლეებს, გააცნობიერონ შეხედულებების არაობიექტურობა და შეძლონ „გახსნილი გონებით" საკითხის შეფასება. ჩამოაწერინეთ მათ შეხედულებები კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ შეფასება დაავალეთ მოგვიანებით, როდესაც ისინი მეტი ინფორმაციის შეგროვებას შეძლებენ.
დასვით ღია კითხვები. დახურული კითხვებისგან განსხვავებით, ღია კითხვებს არ მოჰყვება სავარაუდო პასუხები. სწორად ფორმულირებული ღია კითხვები მოსწავლეებს უბიძგებს საკითხის გაანალიზებისკენ, აზრების შეჯერებისა და შეფასებისკენ.
უხელმძღვანელეთ მოსწავლეებს ძიების პროცესში. დაეხმარეთ მათ, გამოიყენონ ინფორმაციის სხვადასხვა წყარო იმისათვის, რომ ახსნან მოვლენები და გაამყარონ საკუთარი არგუმენტები. ასწავლეთ და დაეხმარეთ მოსწავლეებს ინფორმაციის წყაროების სანდოობის გარკვევაში. აუხსენით მათ, რომ არ არსებობს ერთადერთი და შეუცდომელი წყარო. ერთსა და იმავე საკითხის შესახებ რამდენიმე წყაროდან ინფორმაციის მიღებით მოსწავლეები აღმოაჩენენ, რომ ხშირად არსებული ინფორმაციები ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავია.
დაეხმარეთ მოსწავლეებს შეფასების კრიტერიუმების ჩამოყალიბებაში. როდესაც მოსწავლეები ინფორმაციის წყაროებს ერთმანეთს ადარებენ და სწავლობენ, რომ შეხედულებებს ლოგიკური არგუმენტებით გამყარება სჭირდება, მათ კრიტიკულად მსჯელობის უნარი უვითარდებათ.
მასწავლებელი კარგად უნდა აცნობიერებდეს მსჯელობის უნარის მნიშვნელობას და ხელს უნდა უწყობდეს მის განვითარებას სკოლაში სწავლის პირველივე წლებში. დაწყებით საფეხურზე მოსწავლეებს შესწევთ უნარი, ჩამოაყალიბონ საკმაოდ რთული მოსაზრებები, რომლებიც ხშირად მასწავლებელთა მოლოდინს აჭარბებს. ამის მიზეზი, გარკვეულწილად, მდგომარეობს იმაში, რომ ადრეულ ასაკში ბავშვები ნაკლებად არიან შეზღუდულნი წინასწარ ჩამოყალიბებული შეხედულებებით, უფრო გახსნილები არიან სამყაროს შესაცნობად და უმრავლეს შემთხვევაში, გულწრფელად სჯერათ, რომ ყველაფერი შესაძლებელია.

Комментариев нет:

Отправить комментарий