კითხვის უნარის გასაუმჯობესებელი სავარჯიშოები. წაკითხულის გააზრება (ნაწილი II)
თარიღი: 06 ოქტომბერი 2014
ავტორი: რუსუდან გონაშვილი
თარიღი: 06 ოქტომბერი 2014
ავტორი: რუსუდან გონაშვილი
როგორც სტატიის პირველ ნაწილში აღვნიშნე, კითხვის უნარი მოიცავს ორ კომპონენტს: კითხვის ტექნიკურსა და აზრობრივ მხარეს. კითხვის ტექნიკურ მხარეში შედის კითხვის უნარი, კითხვის ტემპი (სისწრაფე), კითხვის გამართულობა, აზრობრივი მხარე კი გამომსახველობისა და წაკითხულის გააზრებისგან შედგება.
წინა წერილი კითხვის ტექნიკური მხარის განმავითარებელ სავარჯიშოებს დავუთმე, ამჯერად კი მინდა შემოგთავაზოთ კითხვის აზრობრივი მხარის გასაუმჯობესებელი დავალებები.
წაკითხულის გააზრება გულისხმობს მოსწავლის მიერ წაკითხულის გაგებას, ტექსტში გამოყენებული პრაქტიკულად ყველა სიტყვის გააზრებას როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. ამისთვის მას უნდა ჰქონდეს ასაკის შესაფერისი სიტყვათა მარაგი, შეეძლოს გრამატიკული კონსტრუქციების გამართულად აგება, არკვევდეს წინადადებებს შორის აზრობრივ დამოკიდებულებას, წაკითხულის შინაარსის გადმოცემისას შეეძლოს სათანადო სინონიმების გამოყენება. გააზრება, წაკითხულის აღქმა არა მარტო ტექნიკური უნარებით, არამედ მეტყველების უნარის დონითაც განისაზღვრება.
გააზრებული კითხვის უნარის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს აზროვნების უნარის განმავითარებელი სავარჯიშოები.
სავარჯიშო 1
რა აქვთ საერთო ამ სიტყვებს და რით განსხვავდებიან ისინი?
ლომი — ღომი, ორი — ტორი, ბოლი — დოლი
სავარჯიშო 2
დაარქვი ერთი სახელი:
. ბეღურა, ყვავი, ბუ, არწივი, ძერა;
. მაკრატელი, ცული, ბარი, ხერხი, ფიწალი;
. ლაბადა, კაბა, შარვალი, მაისური;
. ტელევიზორი, უთო, მტვერსასრუტი, მაცივარი.
სავარჯიშო 3
რომელი სიტყვაა ზედმეტი და რატომ?
. ლამაზი, ლურჯი, წითელი, ყვითელი;
. წუთი, სეზონი, საათი, წამი;
. გზა, გამზირი, ბილიკი, გამგზავრება;
. რძე, არაჟანი, მაწონი, ხორცი.
სავარჯიშო 4
ასოების გადანაცვლებით მიიღე სიტყვა:
ყნვეაქა; რგმააი; ცსავაი.
სავარჯიშო 5
მოცემული სიტყვების მხოლოდ პირველი მარცვლების გამოყენებით შეადგინე ახალი სიტყვები:
. ჯარი, ლარნაკი, ბაღი;
. დოღი, ჰაერი, მოსწავლე;
. ყაყაჩო, თეთრი, მაღალი.
სავარჯიშო 6
დაყავი სიტყვები ჯგუფებად:
. კურდღელი, ბარდა, ზღარბი, დათვი, კომბოსტო,მგელი, კიტრი;
. ძროხა, კარადა, სკამი, სავარძელი, თხა, მაგიდა;
. ფორთოხალი, ავტობუსი, ატამი, ვაშლი, ავტომანქანა, ტროლეიბუსი, მსხალი.
სავარჯიშო 7
გამოყოფილ სიტყვას შეურჩიე შინაარსობრივად დაკავშირებული სიტყვები:
მწერები: ჩხიკვი, ბუზი, ბუ, ხოჭო, კოღო, გუგული, ფუტკარი;
ფეხსაცმელი: ჩექმა, ლაბადა, ქურთუკი, სანდალი, ბოტასი, მაისური.
სავარჯიშო 8
უპოვე წყვილი:
რუჯიოქროსფერი
ზარისახალისო
მესერიცნობილი
კამეჩიწკრიალი
ამოცანაბებერი
სიმღერამწვანე
სავარჯიშო9
შარადები
ა) მორაკრაკებს მთიდან ველზე
წყაროსავით ანკარა, -
ერთ მარცვალში ჩაეტევა,
სახელია პატარა.
დასკვნისათვის კი თავთავის
სხვა სახელი გვჭირდება,
სიტყვებს შორის ბგერის ჩასმაც
თუ არ გაგიჭირდება, -
საარაკო მწერალია,
პოეზიის დიდება
(რუ, თაველი-რუსთაველი)
ბ) ჯერ განთიადის მეორე
სახელწოდება მითხარ,
სამმარცვლიანი სიტყვაა,
ფიქრი არ გინდა დიდხანს.
თუკი ეშმაკი ცხოველიც
ცნობილი არის შენთვის,
მისი პირველი ბგერაა,
რომელიც თავში ერთვის.
რარიგ მოხატა მთა-ბარი,
აბა, შეხედე ერთი!
(აისი - მაისი)
სავარჯიშო 10
შეადგინე ტექსტი.
წინადადებების გადაწყობა
ტექსტი ირჩევა გაკვეთილის თემის შესაბამისად.
სავარჯიშო 11
დაამთავრე მოთხრობა.
შეარჩევთ ნაცნობ მოთხრობას. დაიწყებთ თქვენ, გააგრძელებს მოსწავლე.
სავარჯიშო 12
ტექსტზე მუშაობა
1. წაიკითხე ტექსტი, დამოუკიდებლად უპასუხე დაფაზე დაწერილ კითხვებს.
2. დაალაგე კითხვები ტექსტის შინაარსის შესაბამისად. წაიკითხე მეორე კითხვაზე პასუხი. (კითხვები წერია დაფაზე)
3. დასვი კითხვები ტექსტის ირგვლივ.
4. გაარკვიე, რამდენი ნაწილისგან შედგება ტექსტი. გაარკვიე, არის თუ არა ტექსტში: შესავალი, ძირითადი ნაწილი, დაბოლოება.
5. დასათაურებაზე მუშაობა.
· დაამტკიცე, რომ სათაური შერჩეულია შინაარსის შესაბამისად.
· თავად შეარჩიე სათაური.
· ტექსტის ყველა ნაწილი დაასათაურე.
· შეადგინე გეგმა.
Комментариев нет:
Отправить комментарий